მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა და მისი შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და საარჩევნო ზეწოლაზე ისაუბრეს.
ლევან იოსელიანის თქმით, რამდენიმე დღის წინ შტაბის წევრებს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი დაუკავშირდა და მთაწმინდის რაიონში არსებული საარჩევნო ბანერების დაუყოვნებლივ ჩამოხსნა მოსთხოვა.
„რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ და ამის შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზეგ,10 მაისს, საკრებულოს სხდომაზე გეგმავენ სპეციალური წესის მიღებას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავენ ბანერების განთავსების ახალ წესს და მაშინ უნდა მიანიჭონ მას უკუქცევითი ძალა, რომ დაგვავალდებულონ აღნიშნული ბანერების ჩამოხსნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და სხვა არაფერი. მათ გადააჭრელეს საკუთარი კანდიდატის ბანერებითა და პოსტერებით მთელი ქალაქი, ხოლო ჩვენ თავისუფალ ზონებში რამდენიმე ბანერის გაკვრას გვიკრძალავენ. თუ ისინი, პარასკევს ამ სრულიად არაგონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, რადგან ასე აშინებთ ჩვენი მაღალი და პოზიტიური რეიტინგი საზოგადოებაში, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ, ხმაურიან განცხადებებსა და მსვლელობებს არ მოვერიდებით, როგორც ქალაქის საკრებულოსთან ისე მერიასა და სხვა შესაბამის დასწესებულებებთან”,- აცხადებს ლევან იოსელიანი.