სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატი ამბობს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„თავს არ ცნობს დამნაშავედ. დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება გაჟღერებულ პოზიციას, რომ თითქოს პროსტიტუციისთვის გადასცემდა ადგილს არის გამორიცხული. იქიდან გამომდინარე,რომ მას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება გლდანის ტერიტორიაზე , სასტუმროს სახით, ეს კონსტიტუციური უფლებაა, თუ რა სამართლებრივ დატვირთვას მისცემდა, იჯარით გადასცემდა თუ იპოთეკით დატვირთავდა,“- ამბობს ადვოკატი არჩილ დავითაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 5 პირი დააკავა
დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.