
თბილისში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებსაც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები უქმნიან საფრანგეთს.
კასტანერის აზრით, ქართველებს მოგზაურობა უნდა შეეძლოთ ყველგან, მაგრამ მათი ნაწილი ელდორადოზე ოცნებობს და ცდილობს თავშესაფრის მიღებას, მათ შორის საფრანგეთში. იქ კი მსგავსი პირობები არ ხვდებათ.
„საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა, როგორც მშვიდობიანი ქვეყანა. ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ.
თუმცა გამოიხატა სურვილი ორივე მხრიდან, რომ ვითანამშრომლოთ და ვებრძოლოთ უკანონო თავშესაფრის მაძიებლებს. ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისა და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის თვალსაზრისით“, - განაცხადა კრისტოფ კასტანერმა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოში არ არის საომარი მდგომარეობა, ეს უსაფრთხო ქვეყანა და ევროპის საიმედო პარტნიორია, ამიტომ აქედან თავშესაფრის მთხოვნელთა დიდი რაოდენობა ერთგვარი ანომალიაა.
„ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა.
ბატონო მინისტრო, ჩვენ უკვე დავიწყეთ მოქმედება ამ მიმართულებით, საქართველოს მხრიდან გამოითქვა გარკვეული ინიციატივები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგებინოთ ადამიანებს - მათთვის, ვინც ოცნებობს საოცნებო ქვეყანაზე, ასე ადვილი არ იქნება. ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ასევე, ვისაუბრეთ, იმ საკითხზე, რომ მარტივად მოხდეს ამ ადამიანების სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა კარისტოფ კასტანერმა გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გართულდება სამედიცინო დახმარების მოთხოვნით ჩამსვლელთა მიღებაც, რადგან მათ ნაწილს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება საქართველოშიც შეუძლია და საფრანგეთის დახმარება რეალურად არ სჭირდებათ.
„უშუალოდ იმათ მივიღებთ, რომელთაც რეალურად სჭირდებათ საფრანგეთის დახმარება ამ თვალსაზრისით. თავშესაფრის მთხოვნელთა დოსიეების განხილვა ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. რა თქმა უნდა, ამას დიდი ადამიანური და სოციალური პრობლემებიც უდგას გვერდით, რადგან ადამიანები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს გარკვეული იმედით და ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ არაკანონიერ ემიგრაციას. ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში, რათა შეწყდეს არაკანონიერი ემიგრაციის წყარო“, - განაცხადა კარისტოფ კასტანერმა.