ადიდებულ ალაზანს პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევში ჰესის ასაშენებლად მიყვანილი ტრაქტორი მიაქვს. ფოტო/ვიდეომასალას სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი ავრცელებს. ბორძიკაშვილის ინფორმაციით, ალაზანმა დააზიანა ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი ხიდიც.
როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის მდინარე ალაზანს სოფლებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. მდინარემ, ძირითადად, მოსახლეობის ეზოები და რამდენიმე სარდაფი დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარება 15-მდე ოჯახს დასჭირდა.
„მნიშვნელოვანი ზარალი ამ დროისთვის არ ფიქსირდება, თუმცა მეხანძრე-მაშველები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში, ყველა შეტყობინებაზე მოხდება რეაგირება“, - უთხრეს „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი