Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისის გამოცხადების მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა

10 მაისი, 2019 15:27

ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისია - რამდენიმე წუთის წინ ამ სახელწოდებით პეტიცია შეიქმნა. პეტიციაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები თხოვნით მივმართავენ საქართველოს პარლამენტს, იმსჯელოს და გადაწყვიტოს „მსოფლიოს ნაციზმზე (ფაშიზმზე) გამარჯვების დღედ“ 8 მაისის გამოცხადება, ნაცვლად 9 მაისისა, ხოლო, 9 მაისი გამოცხადდეს ევროპის დღედ, როგორც ამას აღნიშნავენ ევროკავშირში შუმანის დეკლარაციის პატივსაცემად.

„შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტებს: 1945 წლის 7 მაისს ქალაქ რეიმსში  გერმანელმა გენერალმა ალფრედ იოდლმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელი მოაწერა  საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე, რომელიც ძალაში მომდევნო დღეს - 8 მაისს უნდა შესულიყო. სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი ქალაქ ბერლინში საბჭოელთა შტაბბინაში, ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი, საბჭოთა კავშირის მხრიდან კი - მარშალი ჟუკოვი. გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. შესაბამისად, ნაცისტური გერმანია სწორედ 8 მაისს დამარცხდა.

საინტერესო ისტორია აქვს 9 მაისის დღესაც. სტალინმა გადაწყვიტა გამარჯვების დღედ 9 მაისი აღენიშნათ სსრკ-ში, რადგან მოსკოვის დროით გერმანიის 8 მაისის 23:01 საათი უკვე 9 მაისია, საბჭოთა მოსახლეობის დიდი ნაწილი კი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, რადგან საბჭოთა მედიაში არ იწერებოდა 7 მაისის მიღწეული შეთანხმების შესახებ. 9 მაისი უქმე დღედ ბრეჟნევმა გამოაცხადა 1965 წელს ცივი ომის მიმდინარეობისას. საბჭოთა მმართველობას სჭირდებოდა ამ დღის ინსტრუმენტალიზაცია და საკრალიზაცია რეგრესის გზაზე მდგარი სსრკ-სთვის მყარი იდეოლოგიის შესაქმნელად. 1965 წლიდან მოყოლებული, 9 მაისი გახდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჯერ საბჭოთა კავშირში, შემდეგ კი - რუსეთში. 

დღეს რუსეთისთვის 9 მაისი ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტია - რუსოფილური ტენდენციების და იმპერიალისტური მისწრაფებების გაღვივების დღე პოსტსაბჭოთა სივრცეში. წლევანდელი 9 მაისი მსვლელობით აღნიშნეს „უკვდავ პოლკში“ და მსგავს რუსოფილურ ჯგუფებში გაწევრიანებულმა ქართველმა რუსეთუმეებმა. მათ არ აქვთ არანაირი კავშირი არც მსოფლიო ომთან და არც ფაშიზმზე გამარჯვებასთან. ჩვენი მიზანია, გამოვაცალოთ იმპერიალისტურ რუსეთს იდეური დასაყრდენი.
ამიერიდან, საქართველოში, ეს დღე უნდა აღინიშნოს, არა როგორც „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე“, რადგან დამოუკიდებელი საქართველო არ აღიქვამს საბჭოთა კავშირს თავის სამშობლოდ, არამედ როგორც „მსოფლიოს ნაციზმზე (ფაშიზმზე) გამარჯვების დღე“. საბჭოურ-რუსული 9 მაისი უნდა ჩაანაცვლოს 8 მაისმა - გერმანიის მიერ კაპიტულაციაზე ხელმოწერის ნამდვილმა დღემ, ისევე როგორც ეს აღინიშნება დასავლურ სამყაროში.  

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით, და ღრმა პატივისცემას და მადლიერებას ვუცხადებთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომელთა მინიმალური ასაკი დღეისათვის 91 წელია და მოვუწოდებთ სახელმწიფოს გამოხატოს საზოგადოების პატივისცემა ვეტერანების მიმართ როგორც სიმბოლური, ისე მატერიალური გზით, "- ნათქვამია პეტიციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^