
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღსაკვეთად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა. მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროს ახალი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა.
„ჩვენი მიზანი ძირითადად გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით ცივ იარაღზე შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არასრულწლოვნებსა და ნასამართლევ პირებს.
გარკვეული შემთხვევების შემდგომ, რაც გავაანალიზეთ სტატისტიკური მონაცემები და ვნახეთ, რომ მსუბუქი დაჭრის რაოდენობა იყო გაზრდილი, და ვნახეთ, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზი, ჩვენი ერთ-ერთი ნაბიჯია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დღეს მთავრობას წარვუდგინეთ. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ახლო მომავალში შევა ძალაში. - განაცხადა გიორგი გახარიამ.