იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იურისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
„მივმართავ იურისტებს,
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება იწყება ხვალიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით.
ვფიქრობ, ახლა არის შანსი, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დავუპირისპიროთ ჩინჩალაძის კლანის ზრახვებს.
ამას ვერ მოვახერხებთ გამოცდილი და ღირსეული იურისტების მონაწილეობის გარეშე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ პროცესში.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ კომპეტენტურმა იურისტებმა სხვადასხვა სფეროდან და ამ გზით შეიქმნას რეალური კონკურენტული გარემო.
მესმის, რომ ასეთი კლანური ძალაუფლებით მართულ სისტემაში ძნელია, გქონდეს წარმატების მინიმალური იმედიც კი ან საბჭოს ყველა წევრის მხრიდან სამართლიანი დამოკიდებულების მოლოდინი, მაგრამ ვფიქრობ, პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს დიდი განსხვავება ჩინჩალაძის კლანსა და თანამედროვედ მოაზროვნე, გამოცდილ იურისტებს შორის.
მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში არის იმდენი კვალიფიციური და ღირსეული იურისტი, რომ შესაძლებელია, 20 ვაკანსიის პირობებში, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებაც კი.
ამიტომ, გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში და გაუწიეთ კონკურენცია ჩინჩალაძის კლანს!" - წერს ნაზი ჯანეზაშვილი Facebook-ზე.