Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► 12 მაისის საპოლიციო ოპერაციიდან ერთი წლისთავზე თბილისში ბანერები გამოფინეს

12 მაისი, 2019 13:13

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან 1 წელი გავიდა. დღეს აქტივისტებმა სხვადასხვა ადგილას ბანერები გადმოფინეს და მიმართვა გაავრცელეს:

„ჩვენი ყოველდღიურობა დიდი ხანია უიმედობის, უნდობლობის, ნიჰილიზმისა და ახალ ამბებად თარგმნილი სიკვდილის ქრონიკებია.

ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ ამბებს, თუ როგორ გადმოვარდა მშენებლობიდან მუშა და ადგილზე გარდაიცვალა, როცა სახლში მშიერი ბავშვი ელოდა მშობელს, შიმშილის დაძლევის იმედს.

ვკითხულობთ, როგორ ჩაიმარხა ცოცხლად ორმოში მეორე ბავშვი, რომელიც ჯართს აგროვებდა უკანასკნელი თეთრებით უკანასკნელი ლუკმის საყიდლად. როგორ დაიწვა თავი პოლიციის წინ სასოწარკვეთილმა ადამიანმა, როგორ აჩეხა თქვენი სიძულვილის ყოველდღიური პროპაგანდით შეშლილმა ქმარმა - ცოლი, როგორ მოკლეს და შემდეგ დაწვეს ტრანსგენდერი ქალის გვამი და რა მძიმეა იმის ნახვა, რომ ამ სისასტიკეზე საზოგადოების ნაწილი მეორე დღეს იცინოდა.

ბოროტება მისაღებ ნორმად აქციეთ თავად ბოროტების მსხვერპლი ადამიანების გონებაშიც კი. ვუყურებთ ყველასგან მიტოვებულ მოხუცებს, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიკვდილზე ოცნებობენ, რადგან ყოფა უკვე ამ სიკვდილზე უარესია.

ომგამოვლილებმა ვნახეთ, როგორ დატოვა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მთელი სოფელი ნახირის გარეშე და შიმშილისთვის გაიმეტა, 7 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღემდე ორი დღით ადრე. ხოლო თავად ამ დღეს ჩვენს დედაქალაქში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე რუსულმა მარშმა ჩაიარა, ქვეყანაში, რომელმაც ნახევარ საათიანი აქცია ვერ გაიმეტა 17 მაისს, სიძულვილისა და ძალადობის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავად.

თქვენ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ერთ დროს სამოქალაქო სისხლისღვრაც დადგით, ომში გადარჩენილი დევნილი მოქალაქეები და ომის ვეტერანები კი ზრუნვის ნაცვლად, მარტოობაში დატოვეთ.თქვენი პასუხი ამ ახალ ამბებზე კამერის წინ მწუხარებით შეჭმუხნული წარბები და ბრტყელ-ბრტყელი სამძიმრის ტექსტებია, რომელსაც დიდი ალბათობით თქვენს ნაცვლად სხვები წერენ.

ქვეყანაში უსამართლობა, უთანასწორობა და სიკვდილი ბანალური გახდა. ჩვენი გრძნობის ფუნქციები ტრაგედიებზე გაბლაგვდა და საყოველთაო ნიჰილიზმში ჩაყვინთულები თავს იმითღა ვიმშვიდებთ, რომ ეს თავდაცვითი რეაქციაა.

ვკითხულობთ ჩვენი სასტიკი ყოველდღიურობის ახალ ამბებს, მეორე წამს კი ტელევიზორში ვუყურებთ თქვენი უსახო კარნავალებს და შეუძლებელია, ამ დროს არ დაგტანჯოს იმაზე ფიქრმა, რომ იქნებ, მართლაც არაფერს აქვს აზრი.

გაუსაძლისია ამ ყველაფრის ყურება, თუმცა იმაზე ძნელი მაინც ვერ იქნება, ვიდრე ორმოში ცოცხლად დამარხული ბავშვის ფიქრები, სანამ საყოველთაო გულგრილობით მოწყობილი სასაკლაოს ეს მორიგი მსხვერპლიც დაასრულებდა სიცოცხლეს.ჩვენ ამ ტრაგედიებმა დაგვღალა. თქვენმა ვერაგულმა ქმედებებმა, რომელსაც ჩვენს დასაშლელად იყენებთ, მართლაც დაგვანაწევრა და ეს თქვენი ერთადერთი შანსია ჩვენს შესაკავებლად.

2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,

თქვენ არამხოლოდ არ გიყვართ ეს ქვეყანა არამედ იმედიც კი არ გაქვთ მისი შეცვლის, რადგან არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, თქვენ საკუთარი თავის შეცვლაც კი არ შეგიძლიათ და თუ რამე გაშინებთ და გაფრთხობთ ეს სწორედ ცვლილებებზე საუბარია.თუმცა ცვლილებები გარდაუვალია. სხვა ყველაფერი დროის და ჩვენი ყოველდღიური, რუტინული შრომის საკითხია, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არ გვეზარება. საყოველთაო დანაწევრების და უიმედობის, ნიჰილიზმისა და უნდობლობის მიუხედავად, გვჯერა სიმართლის და ერთმანეთის.

და ახლა ერთად დგომის დროა!“ - ნათქვამია მიმართვაში.

2018 წლის 12 მაისის ღამეს, პარასკევს შსს-მ ორ ღამის კლუბში საპოლიციო ოპერაცია ერთდროულად დაიწყო. ღამის კლუბების ტერიტორიაზე პოლიციელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი შევიდა. ოპერაციას ღამის კლუბებში შეკრებილი ადამიანების პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეებმა სპონტანური საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ კი მათი დაკავება დაიწყო. 12 მაისის ღამეს ადმინისტრაციული წესით აქციის ათობით მონაწილე დააკავეს. მოგვიანებით, კლუბებთან შეკრებილებმა პარლამენტისკენ გადაინაცვლეს, სადაც მხარდასაჭერად გამოსულ მოქალაქეებთან ერთად საპროტესტო აქცია 2 დღე გაგრძელდა.


ფოტო: ირო ცაგარეიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^