საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგი გამართა და წუხილი გამოთქვა, რომ მახათას მთაზე მისი გამოსვლისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა. ამის გამო, პრემიერ-მინისტრის სიტყვა წყდებოდა და ნელი ტემპით გადაიცემოდა.
„დღეს, სამწუხაროდ მახათას მთაზე აუდიო და ვიდეოგადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა. მე მქონდა, მაქვს სურვილი გადავცე ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ჩვენს საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მსურს ყველას მივულოცო დღევანდელი დღე.
დღევანდელი დღე მართლაც არის განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს. ამის გარდა, დღეს აღევლინა ლოცვა ძალიან მნიშვნელოვან ტაძარში - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, რომელიც აშენდა მთელი ერის მიერ. ამასთან, იცით, რომ დღეს აღვნიშნავთ ანდრია მოციქულის დღეს და იმედის დღეს. მსურს, საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კითხვაზე ხომ არ იყო ეს მიზანმიმართულად გაკეთებული, პრემიერმა უპასუხა, რომ გაარკვევენ. „ამ მომენტისთვის მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. გავერკვევით და გეტყვით“, - თქვა ბახტაძემ.
პრემიერის გამოსვლისას ტექნიკური წუნის გამო ბოდიში მოიხადა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც“. პირველი არხის განცხადებით, ხალხმრავლობის გამო აუდიო-ვიდეო კაბელი დაზიანდა და პრობლემა ამან გამოიწვია.
„12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც მოხდა ტექნიკური ხარვეზი ტრანსლაციის დროს. ტექნიკური წუნის გამო საქართველოს „პირველი არხი“ მაყურებელს ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.