შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 112-ზე თბილისში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი დატბორვის შესახებ 90-მდე შეტყობინება შევიდა.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინებების უმეტესობა დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.