„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წელს ზუგდიდში დევნილთა კომპაქტური დასახლებები აღარ იარსებებს. წინასაარჩევნოდ, ზუგდიდში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრისას შენგელიამ მოქალაქეებს შეჰპირდა, რომ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ ყველა ოჯახს ბინები გადაეცემათ.
„ამ ადამიანებმა დატოვეს ყველაფერი და ზუგდიდში ცხოვრების ხელახლა დაწყება მოუწიათ, მათ უმძიმესი დღეები გამოიარეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყოფისთვის. ამჟამად ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში იწყება 240 ოჯახისთვის ახალი ბინის მშენებლობა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 1700 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი გადაეცა.
უმოკლეს დროში პრობლემა მოუგვარდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს კომპაქტურ დასახლებებში. ზუგდიდში გვაქვს 20 კომპაქტური დასახლება, აქედან წელს სრულად დაიხურება 12 მათგანი და ეს პროცესი გაგრძელდება.
მინდა გითხრათ, რომ 2020 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა კომპაქტური დასახლება აღარ იარსებებს და ამ დასახლებებში მცხოვრებ ყველა დევნილს ახალი ბინები გადაეცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ შეხვედრაზე, რომელსაც მასთან ერთად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სახელმწიფო რწმუნებული ესწრებოდა.