მთაწმინდაზე მაჟორიტარი კანდიდატის შუალედურ არჩევნებში დავით უსუფაშვილი მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობასაც შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირონი საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა, პრაქტიკულად, იდეალური პარლამენტის წევრის სახეს. მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი, რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის.
გარდა ამისა, არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს ცვლილებები. დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით,რომლებიც მოტივირებულები არიან საქმესა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.