საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია და ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ”, რომელიც აღმოსავლეთპარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერმა საუბრისას ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„წლებია, ვსაუბრობთ გზავნილზე, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება, ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობას. ეს მასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი - ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა იყო 10 წლის წინ. ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.