ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკითხვა „მატროსოვის“ ციხეში დასრულდა. ვანო მერაბიშვილის დაკითხვა ციხიდან მისი გაყვანის საქმეს ეხებოდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მერაბიშვილისთვის ახალი არაფერი უკითხავთ და ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატების თქმით, ეს მესამე დაკითხვა იყო და როგორც წინა ორ დაკითხვაზე მერაბიშვილმა გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ციხიდან მისი გაყვანის დამკვეთებისა და შემსრულებლების შესახებ.
„ვიზუალურ დახასიათებას სთხოვდნენ, მაგრამ ბუნებრივია, მათი სახელი და გვარი არ იცოდა და ვერ იტყოდა, მაგრამ მაშინაც ამბობდა და დღესაც გაიმეორა, რომ მათი ამოცნობა შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი გავიდა. რაც შეეხება მათ მახასიათებელს, დღესაც აღუწერა, რა ფერის თვალი ჰქონდათ, ეს არც მაშინ უთქვამს და ვერც დღეს იტყოდა, იმიტომ, რომ ღამე იყო. პრაქტიკულად, არც ერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, მაშინდელ სასჯელაღსრულების მინისტრზე, პრაქტიკულად ახალი არაფერი უკითხავთ,“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
პროკურორ თამუნა ვახანიას თქმით, ვანო მერაბიშვილისგან ზოგადი ინფორმაცია მოისმინეს იმ პირების აღწერილობასთან დაკავშირებით, ვინც მერაბიშვილი ციხიდან გაიყვანა.