მაისის ბოლოს თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს. ამის გამო, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება. კალაძის თქმით, პირველ რიგში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.
„მქონდა საუბარი GWP-თან და მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეა დაზიანებული, რომ მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ერთხელაც მოძრავი სატრანსპორტო საშუალება შესაძლოა, ჩავარდეს“, - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერის თქმით, ჭავჭვაძის გამზირი 2.5 კილომეტრამდე სიგრძისაა და მისი მთლიანად დაკეტვა სატრნასპორტო მოძრაობას პრობლემებს შეუქმნის. ამის გამო, გამზირი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე გადაიკეტება.
„მას შემდეგ, რაც დაიწყება რეაბილიტაცია, ჩვენი საქალაქო სამსახური შეცვლის საფეხმავლო ბილიკებს ქვეითებისთვის.იგეგმება განათებების ცვლილება და ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ახალი განათებების დაყენება და ა.შ.“ - თქვა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, გამზირის შესახებ კვლევის შედეგებს მერიას კომპანია „სისტრა“ წარუდგენს და ამის შემდეგ შეიმუშავებენ გეგმას, როგორ გამოიყოს ქუჩაზე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლი და ველობილიკები.