
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, საჯარო სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საჯარო მოხელეების ხელფასი და კვალიფიკაცია. ქობულიას თქმით, მინისტრობისას მას სურდა, საჯარო სექტორში კვალიფიცური კადრები მოეზიდა, რისთვისაც პირველ რიგში ტოპ 500 მოხელისთვის ხელფასის გაზრდა იყო საჭირო.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ, ამ მხრივ, საჯარო სექტორმა კერძო სექტორს კონკურენცია უნდა გაუწიოს და ხელფასის ზრდა არათუ შეასუსტებს ეკონომიკას, პირიქით დააჩქარებს ზრდის ტემპს.
„რაც არ უნდა გავაკეთოთ ცენტრალურ მთავრობაში, ვინც არ უნდა დავნიშნოთ მინისტრად ან მინისტრის მოადგილედ, მუნიციპალურ და ცენტრალურ მთავრობაში თუ არ გვეყოლება კვალიფიციური ხალხი, ვერ მოხდება ეკონომიკური ზრდის ტემპის აწევა.
ხალხი ზოგჯერ გადაწყვეტილებას ვერ იღებს იმის გამო, რომ არ ჰყოფნის კვალიფიკაცია. ადამიანს, რომელსაც აქვს 500-700 ლარი ხელფასი და ჩვენ დავაკისრებთ, რომ გადაწყვეტილება მიიღოს 100 000-იან და 300 000-იან პროექტებზე, დაფიქრდით, რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.
გიორგი ქობულიას თქმით, ბევრ პოზიციაზე დღეს საჯარო სექტორში კვალიფიკაციის ნაკლებობაა, რადგან მაღალი დონის პროფესიონალები კერძოდან საჯარო სექტორში ბევრად ნაკლები ხელფასის პირობებში არ გადავლენ. არადა, საწყის ეტაპზე საჭირო იყო ტოპ 500 მოხელის პოზიციაზე მაინც მიეზიდათ კვალიფიცური კადრები.
„ადამიანი, რომელიც 3-ჯერ ნაკლებს მიიღებს სახელმწიფო სტრუქტურაში, ძალიან საეჭვოა, თუ ის კვალიფიცურია, რატომ უნდა მოვიდეს სახელმწიფო სტრუქტურაში სამუშაოდ. ამისთვის ჩვენ უნდა მივუახლოვოთ მათი ხელფასი კერძო სექტორისას, რომ გავუწიოთ კონკურენცია.
ეს ბევრმა ქვეყანამ გააკეთა დიდი წარმატეიბთ, მაგალითად, სინგაპურმა. ამისთვის გვქონდა დონორების მხარდაჭერაც და ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი იქნებოდა ეკონომიკური ზრდისთვისაც“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ქობულია საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატების მიწვევით მივიდა. დღის წესრიგით, ქობულია ჯერ რვათვიანი ანგარიშის პრეზენტაციას წარუდგენს პარლამენტის წევრებს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.