Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პირველი არხის მხრიდან პლაგიატი დაადგინა

15 მაისი, 2019 14:57

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის  ჟურნალისტმა ნინუცა კახნიაურმა ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დაარღვია. პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირაში“ გასული ერთ-ერთი სიუჟეტი, ქარტიის გადაწყვეტილებით, პლაგიატი იყო.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ონლაინგამოცემა „ჩაიხანამ“ მიმართა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირაში“ გასული სიუჟეტი „ჩაიხანის“ ვებგვერდზე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული ვიდეოს იდენტური იყო. 

ორივე ჟურნალისტური ნამუშევარი სოფელ გუმბათის მასწავლებელ ირა ძირკვაძეს ეხებოდა. „გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან“ - ეს იყო 2019 წლის 4 იანვარს „ჩაიხანის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს სახელწოდება. პირველი არხის ეთერში 2019 წლის 27 იანვარს გასულ სიუჟეტს კი „გოგონა მზის ჩასვლის სოფლიდან“ ერქვა.

„ქარტიის საბჭომ მოიკვლია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ირა ძირკვაძის საქმიანობის შესახებ სწორედ „ჩაიხანის“ მიერ მომზადებული ვიდეოდან შეიტყო.

მიუხედავად ამისა, წამყვანმა სიუჟეტი წარადგინა ისე, თითქოს მათ აღმოაჩინეს გმირიც და თემაც. წარდგენის ტექსტის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გმირი - ირა ძირკვაძე, „ახალი კვირის“ ჟურნალისტის, ნინუცა კახნიაურის „აღმოჩენილი“ იყო, არც თავად წარდგენის ტექსტში და არც შემდგომ რეპორტაჟში არ ახსენეს, რომ ამბავი დაახლოებით სამი კვირის წინ პირველად „ჩაიხანამ“ გააშუქა.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი აქცენტების გამოკვეთა.

ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და თავის ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო.

გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა „ჩაიხანის“ სიუჟეტიდან შეიტყო ახალგაზრდა პედაგოგის მოღვაწეობის ამბავი, არც კი ეცადა, რომ ირა ძირკვაძის ისტორია სხვა კუთხიდან გაეშუქებინა, ეპოვა სხვა რესპონდენტები და ახალი, განსხვავებული აქცენტებით მოემზადებინა მასალა. სიუჟეტების სათაურებიც კი თითქმის იდენტურია“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აღქმული არ უნდა იყოს, თითქოს საბჭო ადგენს „თემის პლაგიატს“. „საბჭო დასაშვებად და ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შესაბამისად მიიჩნევს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ერთი და იმავე თემის გაშუქებას. განსახილველ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევა გამოიწვია ზემოთ აღნიშნულმა გარემოებების ერთობლიობამ“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^