დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ 17 მაისს „ოჯახის სიწმინდის“ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის შესახებ განაცხადა, რომ მონაწილეებთან მოლაპარაკებების პროცედურამ გამოიწვია გაუგებრობა. მან თქვა, რომ გუშინ ტელევიზიით მოისმინა, ვინ არ მიიღებს მონაწილეობას კონცერტში, მაგალითად, თამარ ჭოხონელიძე, თუმცა ზუსტად იცის, რომ სუხიშვილები კონცერტში მონაწილეობენ.
„გარკვეული გაუგებრობა შემოიტანა კონცერტის მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცედურამ და მოჰყვა ამას ძალიან დიდი ვნებათაღელვა. კონცერტში მონაწილეობის მიღება, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია. ვისაც ესმის, რომ ეს არ არის მიმართული არანაირი ძალადობისკენ, მისთვის იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ზოგიერთ მონაწილეს გაუჩნდა ეგეთი მოსაზრება, რომ თავი უნდა შეიკავოს.
გუშინ მოვისმინეთ მაგალითად, რომ თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა და ვერ მიიღებს მონაწილეობას. ეს მისი მოსაზრებაა და აქვს ამის უფლება. მე ვერ ჩამოგითვლით, ვინ იქნებიან მონაწილეები, „სუხიშვილები“, ნამდვილად იღებენ მონაწილეობას,“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.