საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს. ჩუგოშვილი ზუგდიდში დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში ოპონენტებს ადანაშაულებს.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წევრები, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ, მათ საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი ატეხეს და საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობაც სურდათ. დღეს კი ზუგდიდის საოლქო კომისიაში შეიჭრნენ.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას.
ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია, ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად წარმართავს საარჩევნო პროცესს.
ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, „ნაციონალურმა მოძრობამ“ იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, სწორედ ამიტომ მისი წევრები სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ.
„ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არც ერთი პროვოკაცია, არც ერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თამარ ჩუგოშვილმა.