Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროსაბჭომ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

17 მაისი, 2019 23:15

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა. ევროპის საბჭოს ქვეყნების უმრავლესობამ ხმა მისცა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საბჭოს ყველა წევრს უფლება უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს ორ მთავარ ორგანოში „თანაბარ საფუძველზე“.

როგორც Associated Press წერს, რუსეთი ხმის უფლების დაუბრუნებლობის შემთხვევაში ევროპის საბჭოს დატოვებით იმუქრებოდა. ამ ნაბიჯით რუსეთის მოქალაქეებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოზე წვდომა აღარ ექნებოდათ, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რუსულ სასამართლოს არ ენდობა.

ევროპის საბჭოში, რუსეთს, რომელიც 1996 წლიდან მისი წევრია, ხმის უფლება ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუჩერეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ყირიმი უკრაინისთვის არ დაუბრუნებია, მას ევროპის საბჭოში ხმის უფლება, სავარაუდოდ, ისევ ექნება. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. მისი თქმით, რუსეთი აფასებს ევროპის საბჭოს პოზიტიურ კონტრიბუციას ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტასა და რუსეთის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაში.

დიმიტრი პესკოვის თქმით კი, კრემლი ევროპის საბჭოსთან ითანამშრომლებს იქამდე, სანამ მისი მუშაობა „თანასწორ პრინციპზე“ იქნება დაფუძნებული.

რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების ინიციატორი ქვეყნები საფრანგეთი და გერმანია იყვნენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის თქმით, მათ ინტერესში არ შედის, რუსეთის „გარეთ დატოვება“.

„რუსეთის ადგილი ევროპის საბჭოშია, თავისი უფლებებითა და პასუხისმგებლობით“, - განაცხადა მაასმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ უკრაინასა და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას.

„აუცილებელია ევროპის საბჭოდარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც არასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი.  სწორედ ამიტომ საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიისსახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპისსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტისგადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით“, - განაცხადა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე დავით ზალკალიანმა.

Associated Press-ის ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად, მოულოდნელად დატოვა მინისტერიალი უკრაინამ. უკრაინის ელჩმა ევროპის საბჭოში დიმიტრო კულებამ ეს გადაწყვეტილება Twitter-ზე „ცინიკურ დიპლომატიად“ მოიხსენია.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტიმო სოინის თქმით კი, რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნების მხარდაჭერა არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ევროპის ქვეყნები მისთვის სანქციების მოხსნას ან შემსუბუქებას აპირებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^