ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 12 საათის მონაცემებით საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი შევიდა. როგორც ცესკო-ის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ თქვა, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდში შევიდა - 13, მას მარნეული მოჰყვება - 7 საჩივრით. მიქელაძის განმარტებით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
„რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი. მათგან 7 საჩივარი შევიდა მარნეულში, ზესტაფონში 1 საჩივარია დაფიქსირებული, ხულოში 3, ხოლო ზუგდიდში 13 საჩივარი.
საჩივრები, ძირითადად, შეეხება პროცედურულ დარღვევებს. მაგალითად, ზუგდიდის N67 ოლქში, რამდენიმე უბანზე მედიის წარმომადგენლები ცესკო-ის აკრედიტაციის გარეშე იმყოფებოდნენ და ფაქტის დაფიქსირებისთანავე კომისიამ ყველა მათგანს დაატოვებინა უბანი.
ზუგდიდის N82 საარჩევნო უბანზე კი მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას“, - განაცხადა ბრიფინგზე ცესკო-ის პრესსპიკერმა. მარნეულში კი, მიქელაძის თქმით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი კომისიისთვის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებისთვის ფოტოების გადაღების მცდელობის გამო.
ცესკო-ს განცხადებით, ზოგადად, ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო ბანზე ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.