ზუგდიდის სოფელ კოკში, საარჩევნო უბანთან დაკავებული ნუკრი ნარმანიას შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დაკავებული, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტია, ჩვეულებრივ მოჰყვა ხალხის მასაში და მას არაფერი ჩაუდენია. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.
„მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და პირადადა მეც, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. დაკავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც, ჩემი აზრით, უბრალოდ მოჰყვა ხალხის მასაში. მას არაფერი ჩაუდენია და დარწმუნებული ვარ, რომ გათავისუფლდება. ის ყოველთვის აქტიურად არის ჩართული პროცესებში, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც არ უნდა იყოს, გამოძიება თავისას იტყვის", - განმარტა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ის რამდენიმე დღეა მეგობრებთან ერთად სამეგრელოში იმყოფება, რათა თავის გუნდს უგულშემატკივროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოკში ადმინისტრაციული წესით დააკავა ერთი პირი, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.