
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ზუგდიდის მერობის შუალედურ არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატი გეგა შენგელია პირველივე ტურში იმარჯვებს.
„ოფიციალური მონაცემებით, 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა გეგა შენგელიამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნებიდან შესულ ოქმებს ამ წუთებში აქვეყნებს.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე სხვა მუნიციპალიტეტის შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მარნეულის საარჩევნო ოლქში 90-დან 86 უბანია დათვლილი და „ოცნების“ კანდიდატს ზაურ დარგალს ხმების 78.75% აქვს.
ზესტაფონში, კობახიძის თქმით, 53-დან 52 უბანია დათვლილი. „ქართული ოცნების“ კანდიდატი კი მცირედი უპირატესობით 50.53%-ით იმარჯვებს. „ერთი უბანია დარჩენილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით, არათუ შემცირება, არამედ ზრდაა მოსალოდნელი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ჭიათურაში, ირაკლი კობახიძის თქმით, 58-დან 49 უბანია დათვლილი და „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი მოდებაძე 65.39%-ით ლიდერობს.
ხულოში კი, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა უბანია დათვლილი და 67.1% მიიღო მმართველი გუნდის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ირაკლი კობახიძის თქმით, ლადო კახაძეს 40.92% აქვს და შედგება მეორე ტური შალვა შავგულიძესთან.