დღეს, 20 მაისს NDI-ის კვლევა გამოქვეყნდა.
კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, თუ რამდენად სჯერათ საქართველოში დეზინფორმაციული მესიჯების. რესპონდენტებს აცნობდნენ, ამა თუ იმ დებულებას და ასახავდნენ პასუხებს - როგორ მიაჩნდა გამოკითხულს ეს დებულება, სიმართლედ თუ ტყუილად?
რუსეთის ბაზარი უფრო მომგებიანია საქართველოსთვის, ვიდრე ევროკავშირის ბაზარი - ამ დებულებას სიმართლედ 43% მიიჩნევს, 34%-ის აზრით კი, ეს ტყუილია.
18%-ს სიმართლე ჰგონია მესიჯი - რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია სირიელი ლტოლვილების მიღებას გვავალდებულებს, ამის არ სჯერა 36%-ს.
დეზინფორმაციული მესიჯი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია ეპიდემიების გავრცელებას უწყობს ხელს დამაჯერებელია 21%-ისთვის, არ სჯერა 38%-ს.
11%-ს მიაჩნია, რომ სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ნატოში გაწევრების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში თურქეთის სამხედრო ბაზა განთავსდება, ეს მესიჯი ტყუილი 41%-ისთვისაა.
საველე სამუშაოების თარიღები: 28 მარტი-15 აპრილი, 2019, ჩატარდა 2,927 პირისპირი ინტერვიუ წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის. კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი – +/- 2,3%