„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ზუგდიდის მერობისთვის საბრძოლველად, პირველ რიგში, მისი კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა შემდეგ სანდრა რულოვსმა გამოთქვა ინიციატივა და მანაც მხარი დაუჭირა.
მელიამ უარყო მოსაზრება, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, „რუსთავი 2-ის“ ეთერში სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები გააკრიტიკა ფართომასშტაბიანი აქციების გამართვაზე.
„სიმართლე არის ის, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა და, პირველ რიგში, ვინმე თუ განიხილავდა, მე თვითონ განვიხილავდი სულ თავიდან, როცა დაიჭირეს ერთი მერი, ერთმა კლანმა მეორე კლანიდან.
მაგრამ, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სანდრა რულოვსს ჰქონდა სურვილი, ეყარა კენჭი არჩევნებში, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ზუგდიდთან - წლები მუშაობდა აქ, პირველი, ვინც მხარი დაუჭირა, ვიყავი მე“, - განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
პარლამენტარის თქმით, მას მიხეილ სააკაშვილთან კარგი ურთიერთობა აქვს და უახლოეს მომავალში პირადად შეხვედრასაც აპირებს. როგორც მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, პირად ურთიერთობაზე მაღლა დგას საზოგადოებრივი ინტერესი, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.
„ხშირად გვაქვს კამათი, ხშირად ემთხვევა კიდეც ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მონაგარი და თუკი ვინმე უნდა იყოს ამ პროცესით კმაყოფილი, უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი.
დიახაც, მე შეიძლება აქ უკეთ ვხედავ, რა ხდება კონკრეტულ დღეს, ვიდრე ჩვენი მეგობარი, ლიდერი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს უკანონო დევნა“, - განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას, სხვადასხვა თემის განხილვას აპირებს, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას.
„ყველაფერზე დაველაპარაკები, რაც მოემსახურება გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.