საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამომავლო გეგმების შესახებ მოქალაქეებს Facebook-Live-ით მიმართავს. როგორც ის ამბობს, შეიქმნება სკოლა, რომელშიცს 500 ახალგაზრდას ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკასა და ივანიშვილის მოშორების შემდეგ ჭაობიდან საქართველოს ამოყვანის გზებზე ესაუბრებიან,
„ბორია თავს ნუ შეიწუხებს იქ სუს-ის აგენტების ჩანერგვით, სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ გაგვიძვრება. ეს ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად, შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, გვექნება ერთმანეთის გაცნობის პროგრამა, კარგად გავუმასპინძლდებით ვენახებში. ეს იქნება სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს ძალიან მკვეთრი, ოლიგარქის მოშორების ეტაპისთვის. ახლა გაჩერების დრო არ არის, ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებ. 2013 წელს ცხვარიჭამიაში გვქონდა ასეთივე სკოლა, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის, ამჯერად ეს არ იქნება პარტიული სკოლა. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ვინც არის ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება, იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან ვამზადებ საფუძველს, დაჩქარებული წესით საქართველოში დაბრუნებისა და ბრძოლაში ჩართვისთვის, თქვენი იმედი მაქვს, ყველაფერი გამოგვივა, სწორად მივდივართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.