თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის ცენტრი იქნება.
ცენტრის გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება. პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დაახლოებით 2 მილიარდის სამედიცინო სერვისი შესთავაზოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციას აქვს მხოლოდ ორი რეგიონული ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მესამე იქნება, რომელიც ჩვენი რეგიონის გარდა, ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილს დაფარავს.
ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელმაც ამ წარმატებაში თავის წვლილი შეიტანა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, ცენტრის გახსნა იმ რეფორმებისა და ახალი მიდგომების აღიარებაა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში ტარდება.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამედიცინო განათლებაზე, აქ უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ნოვატორულ მიდგომებს.
ეს არის სფერო, რომელიც მსოფლიოში ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვითარდება და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო არ ჩამოვრჩეთ ამ ტემპს, არამედ, ვიყოთ ყველაზე უფრო წარმატებული და გაბედული ნოვატორულ მიდგომებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძის თქმით, ის გააკრიტიკეს განათლების სფეროს დაფინანსების ზრდისთვისაც, თუმცა მისი აზრით, ეს არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რად საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან გადაუდგამს.
„ღრმად მწამს, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ერთადერთი გარანტი იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული სახელმწიფო 21-ე საუკუნეში. აქ სამედიცინო საზოგადოება ისევე, როგორც ეს იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამ პროგრესის ავანგარდში იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.