„პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მინისტრების არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა, საარჩევნო პროცესში აქტიურები იყვნენ, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. გამიხარდება, თუ ისინი მთაწმინდის არჩევნებზე აქტიურები იქნებიან", - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი.
ის ამბობს, რომ შედეგებში დარწმუნებულია, იქედან გამომდინარე, რომ პირველ ტურში „ქართული ოცნების" კანდიდატს ყველაზე მეტი ხმა ჰქონდა და ეს ამომრჩევლის ძალიან დაბალი აქტივობის პირობებში მოხდა.
„ბევრ ამომრჩეველს საკუთარი ნება არ დაუფიქსირებია, ოპოზიციურმა ელექტორატმა კი, თავის ნება სრულად გამოხატა და ჩვენი მხარდამჭერები ან ნეიტრალური პოზიციის მქონე მოქალაქეები არ გამოცხადებულან“, – განაცხადა დეპუტატმა.
შეკითხვაზე, როგორი დეპუტატი იქნება ლადო კახაძე, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება კარგი კანონმდებელი და რომელი შეძლებს თავისი ფუნქციის შესრულებას.
„ლადო კახაძე ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელსაც მართებული პოზიციები აქვს და პოლიტიკურ პროცესში სწორი პოზიციონირება არის მნიშვნელოვანი. მთაწმინდაზე დიდ ვნებათაღელვას არ ველოდები, თუმცა ამომრჩევლებთან აქტიური მუშაობა იქნება და ისინი საკუთარ ნებას მშვიდად გამოხატავენ. მთაწმინდაზე ერთი საპარლამენტო მანდატია და როგორც ჩანს, ამომრჩეველმა მიიჩნია, რომ ეს პოლიტიკურ ლანდშაფტს დიდად არ ცვლის. ამიტომ ინტერესი შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ რადგან მეორე ტურია, ამომრჩევლის გამოცხადებაც უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.