გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოცდო რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.
მისი თქმით, ცენტრს ბოლო დღეების განმავლობაში საპენსიო ასაკის ასეულობით პედაგოგმა მიმართა, გამოცდაზე უარისა და პროფესიის დატოვების სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მოთხოვნით. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრში ასეთი შინაარსის 500-მდე ზარი შევიდა.
„ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარი ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა გორგოძემ.
რაც შეეხება ჯილდოს რეგისტრაციას, როგორც გორგოძემ განმარტა, რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ ხდება.
„ამის შესახებ სკოლასა და რესურცენტრს უნდა მიმართონ და ცალკე რეგისტრაცია გაიარონ. რეგისტრაციის გაუქმება ასობით მასწავლებელმა მოითხოვა", - განაცხადა გორგოძემ.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა უფასოა.