საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ის დიდი ბრიტანეთის ოფისი აზერბაიჯანში ევროპა ლიგის ფინალის გამართვამდე გულშემატკივრებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე აფრთხილებს.
დიდი ბრიტანეთის ოფისის დირექტორის ქეით ალენის თქმით, აზერბაიჯანმა ვერ უნდა შეძლოს მსგავსი სპორტული ღონისძიებების გამართვით ჩამოირეცხოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით შექმნილი იმიჯი.
„აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ მძიმე მდგომარეობაშია. ხელისუფლების სამიზნეები გახდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები და უფლებადამცველები. ჩვეული მოვლენაა არასამართლიანი სასამართლო პროცესები და ცილისმწამებლური კამპანიები.
აპატიმრებენ ლგბტი თემის წევრებს და მაშინაც კი, როცა ხალხი ქვეყნიდან გარბის, მათ აიძულებენ უკან დაბრუნდნენ.
ოთხშაბათს გასამართი მატჩის ჩინებული ფასადის მიღმა არსებული მძიმე რეალობის შესახებ ინფორმირებით გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და გუნდების სამწვრთნელო შტაბებს შეუძლიათ წინ აღუდგნენ აზერბაიჯანის მცდელობას ჩამოირეცხოს ეს არასასურველი იმიჯი.
ძალიან ხშირად, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებებით გადაიტანოს ყურადღება მათ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღევევებისგან. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ქეით ალენი.
Amnesty International ქეით ალენის კომენტართან ერთად აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზეც წერს. ორგანიზაცია მედიაზე, ლგბტი აქტივისტებსა და არსამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ტენდენციებს მიმოიხილავს.
29 მაისს კი ბაქოში უეფას ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ლონდონური კლუბები არსენალი და ჩელსი დაუპირისპირდებიან.