გაფიცულ მაღაროელებისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტის შეხვედრა ჭიათურაში უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ „ლიბერალს“ პროფკავშირის წარმომდგენელმა პაატა სამხარაძემ განუცხადა. მისი თქმით, კომპანიისგან იგივე შემოთავაზება იყო, რასაც მუშები არ დასთანხმდნენ.
„უშედეგოდ ჩაიარა შეხვედრამ, შემოთავაზება იგივე იყო. არ ვიცი რა იქნება, რას მოიქმედებენ. გაფიცულებმა ქალაქს დაარტყეს წრე, ხალხს მოუწოდებენ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და შეუერთდნენ აქციას“,- განუცხადა სამხარაძემ „ლიბერალს“.
პაატა სამხარაძე ჭიათურის პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ჭიათურის პროფკავშირი ჩართული არაა მაღაროელების თვითორგანიზებულ პროტესტში.
დღეს ერთ-ერთი მაღაროელი, რომელიც პროტესტის ნიშნად მეათე დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა.
______________
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. თავდაპირველად ერთი ცვლა - 150 მაღაროელი გაიფიცა, მოგვიანებით კი დანარჩენებიც შეუერთდნენ. ამჟამად ყველა მაღაროელი გაფიცულია და საწარმო გაჩერებული. კომპანიის შენობის ადმინისტრაციიდან მაღაროელებმა ჭიათურის მერიასთან გადაინაცვლეს და იქ განაგრძობენ პროტესტს.
გუშინ მაღაროელებს ტყიბულელი მეშახტეებიც შეურთნენ. მათ მაღაროელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ყოველდღე ვტოვებთ სახლებს და სიკვდილზე მივდივართ“ - რეპორტაჟი ჭიათურიდან
მაღაროელები ხელფასის მომატებას (50%-იან ზრდას), კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ.
გაფიცვიდან მეორე დღეს მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე მივიდნენ. ისინი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მაღაროელებს დაჰპირდნენ, რომ კომპანია იმ დღესვე დაიწყებდა მათი მოთხოვნების შესრულებას.
ამის შემდეგ მაღაროელები კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. როგორც გაფიცულები ამბობენ, კომპანიის შეთავაზება იყო ხელფასების 10 -15%-იანი ზრდა, ისიც ეტაპობრივად და კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ. ამ პირობას მაღაროელები არ დასთანხმდნენ.
ამის შემდეგ 15 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი მე-10 დღეა შიშილობენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, ვითარების განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ცნობით, „დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს“.
„შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.