ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტიის - „სამართლიანობისთვის" შექმნის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა ბესელიას განმარტებით, ახალი პოლიტიკური პარტია იდეოლოგიით „დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით“.
„ის იდეა, რომელიც 2012 წელს იყო გამაერთიანებელი იდეა, დღესაც დასაცავი და ბოლომდე მისაყვანია. ეს არის ის იდეა, რომელმაც ჩემი და „ქართული ოცნების“ გზები გაყო, მთავარი არსი, რის გამოც შეიქმნა ის გადაულახავი ბარიერი და მივიღეთ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ დატოვებისა. მთავარი ღირებულებებისადმი უპრინციპო დამოკიდებულებას შეიძლება ემსხვერპლოს ყველაზე მთავარი რამ, შეიძლება ამას გადაჰყვეს მთელი ქვეყანა.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც ვიდექით ერთად 2012 წელს. ბევრ თანამოაზრესთან ერთად.
დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა ამ ორი ძალის პოლიტიკური ჭიდილიდან უნდა გამოვიდეს, უნდა შიქმნას ახალი მოცემულობა, ახალი ძალა, რომელიც ყველა ასპექტს გადაწყვეტს სწორედ სამართლიანობის იდეით.
იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ იპოვა თავისი სიმართლე, მათთვის უნდა იყოს ახალი გზა და ახალი ეტაპი. ჩვენი ახალი პოლიტიკური ძალა დაეფუძნება კონცეფციას, რომელიც დგას ფუნდამენტურ ტრეადაზე - სიმართლე, სამართალი, სამართლიანობა.
იდეოლოგიით, რომელიც დაეფუძნება ცენტრისტულ მიმართულებას და იქნება ევროპული კონსერვატიზმის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს შეუქცევადი და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე უნდა მიდიოდეს მტკიცედ და სწრაფად“, - განაცხადა ბესელიამ.