საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება 25 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ გასულ ბრიფინგს, რომელზეც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, „რუსთავი 2-მა“ აცილება გამოუცხადა.
იუსტიციის სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ გვარამიას განცხადება, თითქოს ადამიანის უფლებათა მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის მძიმე ბრალდება. მათი თქმით, გვარამიას ამ განცხადებას მტკიცებულება არ მოჰყოლია.
„ნიკა გვარამიას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ინსტრუქციებს იღებს საქართველოს მთავრობისგან, არის ძალიან მძიმე ბრალდება და წარმოადგენს როგორც საქართველოს მთავრობისა და მისი წარმომადგენლის - იუსტიციის სამინისტროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს შეურაცხყოფას, მით უმეტეს, რომ ცარიელ ემოციებზე აგებულ განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ მოჰყოლია.
შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გმობს ტყუილს, რომელიც არხის დირექტორმა გაავრცელა და მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი დავის პოლიტიზებისაგან, რადგან დავის ერთ-ერთი მხარის ამგვარი თავდასხმა მოპასუხე მხარესა და დავის განმხილველ სასამართლოზე ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებსა და ევროპული კონვენციის სულისკვეთებას.
______________________
საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, „რუსთავი 2-მა“ აცილებას გამოუცხადა.
ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე.