
საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება, რომელიც სოლიდარობის ქსელმა, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიულმა კავშირმა - „ერთობა 2013-მა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიულმა კავშირმა დააფუძნა, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებს.
დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების განცხადებით, მაღაროელთა მოთხოვნების დაკმაყოფილება არა მხოლოდ დასაქმებულებისა და მათი ოჯახების, არამედ მთლიანად ქალაქის გადარჩენისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
„წიაღისეულით მდიდარი ჭიათურა დღეს ნელ-ნელა ცარიელდება ადამიანური და ბუნებრივი რესურსებისგან, მშრომელები ყოველწლიურად იღუპებიან და სახიჩრდებიან მაღაროებში სამუშაოს შესრულების დროს, ქალაქის ბუნებრივ საფარს ყოველდღიურად უმძიმესი ზიანი ადგება, ხოლო ახალგაზრდების ერთადერთ სოციალიზაციის სივრცედ ქალაქის შუაგულში ტოტალიზატორად გადაკეთებული კინოს შენობაა.
გვაქვს განცდა, რომ მაღაროელების და ახლა უკვე მთელი ქალაქის ამ მასშტაბის და სიმწვავის პროტესტმა დღემდე ვერ დაიკავა საკმარისად კრიტიკული ადგილი მედიასივრცეში. პროტესტის მიმართ გულგრილი პოზიცია აქვთ საკანონმდებლო ორგანოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. მეტიც, უმეტესობა მათგანი საერთოდ უგულებელყოფს ჭიათურელთა საკითხს“, - წერენ განცხადების ავტორები.
დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების განცხადებით, მიუღებელია „ჯორჯიან მანგანეზის“ პოზიცია, რომელიც გაფიცულებს სასამართლოში ჩივილით და სხვა სამართლებრივი მექანიზმების მათ წინააღმდეგ გამოყენებით ემუქრება.
„დღეს, ვინც ჭიათურლების მიმართ გულწრფელ და ღია მხარდაჭერას აცხადებს არის მხოლოდ მშრომელი ხალხი, რომელთაც სამწუხაროდ სოლიდარობის გამოხატვის მეტი სამართლებრივად არ შეუძლიათ, ვინაიდან ჩვენი შრომის სამართალი და ცნობს „სოლიდარობის გაფიცვის“ ცნებას.
ამ და სხვა სამართლებრივი ბერკეტების არ ქონა მნიშვნელოვნად ასუსტებს მშრომელთა ერთიანობის ძალას. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას გაფიცული ჭიათურელი მშრომელების, მათი ოჯახების და მთლიანად ქალაქის მიმართ და მათთან ერთად ვიბრძოლებთ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - ნათქვამია დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანების განცხადებაში.