„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და პროფესორი ომარ ნიშნიანიძე 31 მაისიდან 2 ივნისამდე მომცრო გემით, რომელიც მისი თქმით, „არგოს“ განასახიერებს, ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს.
ნიშნიანიძე „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ გემის აშენების იდეა და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად მოინდომა და 2 თვეა, გემს აშენებენ. ახალი „არგოს“ მშენებლობა დღეს სრულდება, ომარ ნიშნიანიძის თქმით, გემს ბოლო შტრიხებს უკეთებენ და პარასკევს ფოთიდან გასაცურად უკვე მზად იქნება.
„2 ივნისს უკვე ვიქნებით ვანში, ვანელობაა ამ დღეს. ხალხი იქნება - გვეყოლება აიეტი, მედეა, ათენა, 12 მენიჩბეც - გავაცოცხლებთ ისტორიას. თან რაც მთავარია, გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერისა და მოგზაურის ტიმ სევერინის მოგზაურობიდან 35 წლისთავია, რომელმაც გაგვიცოცხლა ლეგენდა. თუმცა, ეს ლეგენდა არის ჩვენი ისტორია, დიდი მეცნიერების მიერ დამტკიცებული“, - ჰყვება ომარ ნიშნიანიძე.
ომარ ნიშნიანიძე, რომელიც ანტიკური ისტორიის პროფესორია, ქუთაისში არგონავტიკის მუზეუმის დაფუძნებასაც გეგმავს. მისი თქმით, გემით მსვლელობა ვანში, ჭყვიშთან გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან დასრულდება, მოგვიანებით კი გემი ქუთაისში დაიდებს ბინას.
„არაჩვეულებრივი ადგილია ქუთაისში, რიონის პირას, აღმაშენებლის გამზირთან. სადაც დავაფუძნებთ ამ მუზეუმს და იქ დაივანებს „არგოც". იქ გვეყოლება აიეტი, მედეა, ძველი კოლხური კირბი, იქნება ოქროს საწმისი გველეშაპთან ერთად. ამ გველეშაპში კი გვინდა გავაერთიანოთ დინოზავრი - ჩვენი კოლხური, სათაფლიური და მივცეთ ფორმა, თითქოს მცველია ამ ოქროს საწმისის. გვაქვს სხვა საინტერესო ჩანაფიქრებიც“, - ამბობს ნიშნიანიძე „ლიბერალთან“.
ყოფილ დეპუტატს ფოთსა და ქუთაისს შორის საწყალოსნო მიმოსვლის იდეაც აქვს. ამბობს, რომ ჯერჯერობით საკმარისი ფინანსები არ აქვთ, გემიც საკუთარი სახსრებით ააშენეს. თუმცა მოგვიანებით სხვების მხარდაჭერით სურს თავისი სურვილი რეალობად აქციოს და მომცრო გემებით რიონზე მიმოსვლა დაიწყოს.
„პროფესორ არჩილ გეგუჩაძესთან ერთად მქონდა ეს იდეა. დამიკავშირდნენ ვანელებიც, შეძლებული ხალხი და გვაქვს იდეა, რომ რიონი ნაწილობრივ მაინც დაიწმინდოს. პატარა, „არგოს“ სტილის მოტორიანმა ნავებმა იმოძრაონ ფაზისიდან, შეკვეთილიდან, ასევე, რატომაც არა, ქობულეთიდან და ბათუმიდან ქუთაისამდე, კოლხეთის უძველეს დედაქალაქამდე. კოპიტნარამდე ეს ნამდვილად შესაძლებელია“, - დასძენს ომარ ნიშნიანიძე.
ზურაბიშვილი: 1 ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი
ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში საწყალოსნო მიმოსვლის იდეაზე 2013 წელსაც საუბრობდა. ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მაშინდელმა წევრმა განაცხადა, რომ ქუთაისი შეიძლება იყოს საპორტო ქალაქი.
„ქუთაისი შეიძლება იყოს საპორტო ქალაქი, შეიძლება ეს ახლა ოცნების სფეროა, მაგრამ მე წამიკითხავს უამრავი გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოსების სტატია... მე კი არ ვამბობ, რო აუცილებლად იყოს, მაგრამ იყო ასეთი სტატია, სერიოზული, რომელიც ფიქრობდა, რომ ქუთაისი ყოფილიყო ძალიან სერიოზული საპორტო ქალაქი. ეს ეხებოდა ვარციხემდე რიონის დაღრმავებას“, - თქვა მაშინ ომარ ნიშნიანიძემ.