ანაკლიის პორტის პროექტს შეჩერება ემუქრება, - წერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე.
გუშინ ანაკლიის პორტის Facebook გვერდზე კი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება გავრცელდა. კონსორციუმის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვა ისე გასცა, რომ მათთვის არაფერი შეუტყობინებიათ. თუნდაც ნებართვის გაცემის შემდეგ ინვესტორებთან ერთობლივი მოლაპარაკებების დროსაც კი.
„დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ).
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა“, - ნათქვამია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაში.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მტკიცებით, საერთაშორისო პარტნიორებმა ნებართვის გაცემასა და ანაკლიის პროექტის ავტორებისთვის მის დამალვაზე უკვე მწვავე შეფასებები გამოთქვეს.
„ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“, - წერს კონსორციუმი Facebook-ზე.