ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფოთში „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ - „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა გააუქმა.
ხოლო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას - ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან.
გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და პროექტს ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.
„ამ პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებიდან, დაწყებული 300 მილიონ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერა.
გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე.
ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს, დაკონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა დროულად დაიწყოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.