ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქუთაისში მოქმედი გამოცემა http://topnews.com.ge იტყობინება.
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
კოსტავა ქუთაისის საკრებულოს წევრად რჩება.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს ნანა კოსტავას მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან სოციალურ ქსელში ბლოგერ სალომე ბარკერის ფოტო გაიზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!“
სალომე ბარკერის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისთვის აღნიშნული შემთხვევის შესახებ ცნობილი არ იყო.