Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის დელეგაციას განათლების მინისტრი არ შეხვდა - გვანცა ჯობავა

31 მაისი, 2019 19:28

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩამოვიდნენ, განათლების მინისტრთან შეხვედრა სურდათ. თუმცა, მათ არც თავად მინისტრი და არც მისი პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე არ შეხვდათ.

საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა „ლიბერალთან“ ამბობს, რომ მსოფლიო ასოციაციამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრა ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლობის შუამავლობით მოითხოვა.

სამინისტროს წერილი მისწერეს საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის მეშვეობითაც, რომელიც მსოფლიო ასოციაციის წევრია.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებმა მოთხოვნაზე თანხმობა მიიღეს. მას მიხეილ ბატიაშვილთან ერთად მისი მოადგილე მიხეილ გიორგაძეც უნდა დასწრებოდა.

შეხვედრის მიზანი კულტურის პოლიტიკაში, ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებსა და ზოგადად განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო. გვანცა ჯობავას თქმით, ბოლო წლებში სახელმძღვანელოებთან დაკავშირებთი კრიზისული სიტუაცია შეიქმნა და ასოციაციის წევრებს თავიანთი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება სურდათ.

„თუმცა, სანამ ჩამოვიდოდნენ, დაახლოებით 3-4 დღით ადრე ახალი წერილი მოვიდა. სადაც დაზუსტებული იყო, რომ რადგან საქართველოში სომხეთის განათლების მინისტრი ჩამოდის და მიხეილ ბატიაშვილი უნდა შეხვდეს მას, ამის გამო, შეხვედრას მხოლოდ მიხეილ გიორგაძე დაესწრებოდა“, - ჰყვება გვანცა ჯობავა „ლიბერალთან“.

გვანცა ჯობავა ჰყვება, რომ მათ სხვა რამენაირ ცვლილებაზე ინფორმაცია არ მიუღიათ. ამიტომ დღეს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლები მასთან, ასევე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროში მივიდნენ.

ჯობავას თქმით, განათლების სამინისტრო შეხვედრას რომ ქართველი გამომცემლები დაესწრებოდნენ, ამაზეც ინფორმირებული იყო.

„ცოტა ადრე მივედით და დავინახეთ, რომ მიხეილ გიორგაძე შენობიდან გადიოდა და რა თქმა უნდა, დავუძახეთ. ვკითხეთ, შემთხვევით წასვლას ხომ არ აპირებდა, რადგან ჩვენ მასთან მოვედით შეხვედრაზე.

ჩვენ დანახვაზე შეცბუნდა, გვიპასუხა, რომ არა, ვერ შეგხვდებით, მეც სომხეთის მინისტრთან მივდივარ შეხვედრაზეო. ვკითხეთ, რა უნდა გვექნა. გვიპასუხა, თქვენ მემგონი ლევან ხარატიშვილი შეგხვდებათო, დაგვემშვიდობა და წავიდა.

ჩვენ ვკითხეთ დელეგაციის წევრებს, როგორ მოვქცეულიყავით. მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის უპატივცემულობა, შოკირებულები ვართ, რაც აქ ვნახეთ, ეს არაფერში ჯდებაო.

პირდაპირ თქვა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და თუ ასე უყურებენ, რომ მოადგილის მოადგილის მოადგილეს გადაულოცეს, მაშინ ჩვენც უარს ვამბობთო“, - ჰყვება გვანცა ჯობავა. მისი თქმით, დელეგაციის წევრებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.

საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, მინისტრთან ან მინისტრის პირველ მოადგილესთან სურდათ შეხვედრა. არა ხარატიშვილთან, რომელიც ასევე ბატიაშვილის მოადგილეა, თუმცა შეხვედრაზე განსახილველ საკითხებში ნაკლებად კომპეტენტური იქნებოდა.

ხოლო დღეს, მას შემდეგ რაც ეს ამბავი გახმაურდა, განათლებისა და კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მიხეილ გიორგაძე 17:00 საათზე შეხვდებოდათ. არადა, ამ დროს მიმდინარეობდა კონფერენცია, რომლის პანელ დისკუსიებშიც დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ და მხოლოდ 18:30 საათზე შეძლებდნენ შეხვედრას.

„რაზეც გვიპასუხეს, რომ 18:30 საათზე გიორგაძეს არ სცალია, მაგრამ მოიცლის ირინა აბულაძე და ლევან ხარატიშვილი, ერთობლივად შეგხვდებიანო. მაგრამ ერთი პირობით, შეხვედრას ქართველი გამომცემლები არ უნდა დასწრებოდნენ. ამის პასუხად, გამომცემელთა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ ქართველი გამომცემლების გარეშე არ შეგხვდებითო და უარი გაუგზავნეს“, - დასძენს გვანცა ჯობავა.

„ლიბერალი“ კომენტარისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემდეგ განათლების სამინისტროს პოზიციასაც გაგაცნობთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^