ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას, სავარაუდოდ, აღარ აპირებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კოსტავამ პირველ არხს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ მისმა ამომრჩეველმა „აიძულა, არ მიეტოვებინა ისინი“.
„არავითარი ხელფასი, არავითარი სკამი, არავითარი არაფერი არ მიღირს იმად, რომ საზოგადოება ეს ორი დღე ასე ვანერვიულე. იმდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ჩვენს ქვეყანას, რომ მე მიკვირს, ვიღაც ნანა კოსტავასთვის რატომ გავანერვიულე.
მეორე საკითხი - ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მგონი, დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ“, - უთხრა ნანა კოსტავამ პირველ არხს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, პირველი არხი ნანა კოსტავას მოგვიანებით ისევ დაუკავშირდა კითხვით, აპირებს თუ არა ის საკრებულოს დატოვებას. თუმცა, ნანა კოსტავამ უპასუხა, რომ „დღეს დიდი ბრძოლებია ანტიქრისტეების წინააღმდეგ და სენსაციებისთვის არ სცალია“.
„დავფიქრდეთ ამაზე, დღეს დიდი ბრძოლებია ანტიქრისტეების წინააღმდეგ და მე ამ ბრძოლაში ვარ. თქვენი სენსაციებისთვის არ მცალია. არ მაქვს ფული და არც გავლენები. ერთი მაქვს და მყავს, სამშობლო და ღმერთი, კარგად იყავით“, - უპასუხა საქართველოს პირველ არხს ნანა კოსტავამ.
ნანა კოსტავამ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, 31 მაისს დატოვა. იმავე დღეს დაატოვებინეს კოსტავას გენდერული საბჭოც.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს ნანა კოსტავას მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან სოციალურ ქსელში ბლოგერ სალომე ბარკერის ფოტო გაიზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!“
სალომე ბარკერის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში დაიღუპა.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისთვის აღნიშნული შემთხვევის შესახებ ცნობილი არ იყო.