საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, დათო სარალიძის მკვლელობა მოხდა ჯგუფურად. მისი თქმით, იგივე დასკვნა დადო პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ.
„დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციომაც დაადასტურა, რომ დათო სარალიძის მკვლელობა მოხდა ჯგუფურად და რომ ამ მკვლელობის ჩამდენი/ები გარეთ არიან. სწორედ ეს თქვა საგამოძიებო კომისიამაც.
ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, როგორც კი ხელისუფლებას ესენი მოშორდებიან და სამართალი აუცილებლად იზეიმებს. აუცილებლად“, - წერს სერგი კაპანაძე.
_______________
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მოსამართლემ, ნინო სანდოძემ განაცხადა, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. მისივე ცნობით, გ.ჯ.-ს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თანახმად, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში.
„სასამართლომ შეაფასა გ.ბ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები . გ.ბ-ს მიმართ განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა ბრალდების მხარესაც, ამ ნაწილში სასამართლომ სასჯელი გ.ბ.-ს დაუმძიმა“,- განაცხადა სანდოძემ.