დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავება არის სწორი ნაბიჯი და საზოგადოების წნეხის შედეგი.
„ეს არის სწორი ნაბიჯი. ეს არის შედეგი საზოგადოების წნეხის. სწორედ ეს იყო კომისიის მთავარი რეკომენდაცია. ახლა უნდა შესრულდეს დანარჩენი რეკომენდაციები. ბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ასევე, პოლიტიკურად პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც მთელი ეს დროის კომისიას უტიფრად აბრალებდა სპეკულაციას და იძახდა, რომ პოლიტიზირება მოხდა, მაშინ როცა იყო მყარი დასკვნა“, - განაცხადა ბოკერიამ.
კომისიის მეორე რეკომენდაცია მიემართებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას: დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის, მ.კ.-ს მიმართ, არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით).
მიხეილ კალანდია ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შსს