თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან მეტროში ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება, სამუშაოების გამო მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს.
„მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. დაახლოებით 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი იქნება შეცვლილი ახალი, თანამედროვე, ISO სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება 28 საგვირაბე გამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი,“ - განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, სამუშაოები 2020 წლის ივლისში მთლიანად დამთავრდება.