Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიქაუტაძის ხარვეზის გასამართლებლად სხვებისგანაც დოკუმენტაციას მოითხოვენ - დოლიძის და ჯანეზაშვილის ბრიფინგი

05 ივნისი, 2019 17:14

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, დღეს ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცესში გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ ისაუბრეს.

იუსტიციის საბჭოში განაცხადების მიღება 31 მაისს დასრულდა და მალე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განმცხადებლების კანდიდატებად დარეგისტრირების პროცესი დაიწყება. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, იუსტიციის საბჭოს მდივანს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, განაცხადი დარღვევით აქვს შედგენილი (მან სამის ნაცვლად ორი რეკომენდატორი მიუთითა).

„კანონი განაცხადების სრულყოფილად შედგენას მოითხოვს. პირდაპირ არის მითითებული: თუკი განმცხადებელი სრულყოფილად  შეადგენს განაცხადის ფორმას და დაურთავს სათანადო დოკუმენტებს, მხოლოდ ამის შემდგომ გადადის ის მომდევნო ეტაპზე, დარეგისტრირდება კანდიდატად, რაც ნიშნავს, რომ მან ფორმალური პროცედურები წარმატებით გაიარა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ არ შეიძლება გიორგი მიქაუტაძე გადავიდეს შემდგომ ეტაპზე“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი და მიუთითებს იმ გამოსავალზე, რაც, მისივე თქმით, გიორგი მიქაუტაძემ მოძებნა - „მივიღე ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ურეკავენ სხვა განმცხადებლებს და დამატებითი დოკუმენტების წარდგენას სთხოვენ და ამით მიქაუტაძეს აძლევენ შესაძლებლობას, რომ მანაც გამოასწოროს ხარვეზი. მსგავსი პროცედურა კანონით არ არის დადგენილი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი თვითნებობა, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, დარღვევას წარმოადგენს. დაუშვებელია, განმცხადებლები, რომლებიც, ჯერჯერობით, კანდიდატები არ არიან, ჩართონ იმ უკანონობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა რომ წამოიწყო, რომელიც, კანონის თანახმად, არის საბჭოს აპარატის უფროსიც. დაუშვებელია, რომ ის იყენებდეს ამ სტატუსს იმისთვის, რომ აპარატს განმცხადებლებთან დაკავშირებას და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვდნენ“.

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, კომპანიებშიც კი გამოცდილ მენეჯერებს კონკურსების დროს ხარვეზით შევსებული განაცხადის მქონე პირები არ გადაჰყავთ შემდგომ ეტაპზე. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა კომპანიას, არამედ საქართველოს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურის შერჩევას და თავისთავად ცხადია, ეს პროცესი თავდაპირველი ეტაპიდანვე უნდა იყოს გამართული.

ნაზი ჯანეზაშვილი განმცხადებლებს მოუწოდებს, არ ჩაერთონ მიქაუტაძის უკანონო თამაშში, რადგან ამით მიქაუტაძეს სურს, თავის ხარვეზით შევსებულ განაცხადს გამართლება მოუძებნოს.

ანა დოლიძემ ყურადღება გაამახვილა კონკურსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საკითხზე. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ონიანის მაზლია.  

ზურაბ აზნაურაშვილი ამჟამად საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსია.

ანა დოლიძის განცხადებით, თამარ ონიანს კონკურსთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტი ექმნება. როგორც დოლიძე განმარტავს, თუკი თამარ ონიანი მაზლის შეფასების პროცესს გამოეთიშება, მაგრამ  შეაფასებს თუნდაც კონკურსის სხვა მონაწილეებს, მას რჩება ბერკეტი, რომ იყოს მიკერძოებული.

„სამწუხაროდ, იმ კანონის თანახმად, რომელიც ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით ამ „კლანს“ დაუწერა, ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი განმარტება გათვალისწინებული არ არის. კანონში მხოლოდ ვიწრო განმარტება ჩაიდო, თუმცა, როგორც ვენეციის კომისია, ასევე ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონი, საპროცესო კოდექსები მიუთითებს და თავად „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის სულისკვეთება მოითხოვს, რომ ჩვენ სამართლიანად უნდა ვიმოქმედოთ და ის რეალური ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა დავუშვათ, რომელიც აშკარაა. კითხვის ქვეშ დადგება თამარ ონიანის მიუკერძოებლობა სხვა კანდიდატების შეფასებისას. ჩვენი ღრმა რწმენითა და მოწოდებით თამარ ონიანი ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

იუსტიციის საბჭოს წევრი კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ანა დოლიძე აღნიშნავს ზურაბ აზნაურაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზეა (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი) და ის აუდიტის სამსახურში სწორედ მაშინ დასაქმდა, როდესაც აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ვანო ზარდიშვილი დაინიშნა.

„სტუდია „მონიტორმა“ არაერთხელ გამოიკვლია, როგორ დაასაქმა ვანო ზარდიაშვილმა მიხეილ ჩინჩალაძის [თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე] ნათესავები [რედ.: აღსანიშნავია, რომ თავად თამარ ონიანი „მონიტორს" არ ეთანხმება და აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს]. კლანის მოქმედების ხასიათიდან და თარიღების დამთხვევიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ აუდიტის სამსახურში ზურაბ აზნაურაშვილის დასაქმება იქ ვანო ზარდიაშვილის მისვლას უკავშირდებოდეს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ის ამბობს, ამ ეტაპზე მისი და ნაზი ჯანეზიშვილის მოთხოვნაა, გიორგი მიქაუტაძე შემდეგ ეტაპზე არ გადავიდეს, ხოლო თამარ ონიანი კანდიდატურების შერჩევის პროცესს ჩამოშორდეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 144 განაცხადია შესული. ფორმალური კრიტერიუმების შემოწმების შემდეგ დარჩენილი კანდიდატებიდან საბჭო 50 იურისტს შეარჩევს, რომლებთანაც ღია გასაუბრება ჩატარდება. შემდეგ კი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის (15-დან 10 ხმა) გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტს 20 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 20 კანდიდატურა წარედგინება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^