თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ჯიხურებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.