„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ ინფორმაციით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში, 50-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შპს ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალმა“ დასაქმებულებს არასრული სახელფასო ანაზღაურება გადაუხადა, რაც მუშებში უკმაყოფილების მთავარი მიზეზი გახდა. შედეგად მშრომელები მე-3 დღეა გაფიცულები არიან და შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა პარალიზებული აქვთ.
პროფკავშირი მოუწოდებს საქართველოს შრომის სამინისტროს, რომ სამუშაო პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაგზავნოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და მედიაციის მექანიზმის გამოყენებით, უზრუნველყოს კოლექტიურ შრომით დავაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის პროცესის დაწყება.