დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად მანიფესტი ქვეყნდება. მანიფესტზე ხელმომწერები მოითხოვენ, რომ აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. ასევე გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.
გავრცელებულ მანიფესტში ვკითხულობთ, რომ ახალი გენერალური გეგმით, დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი. თბილისის მერიამ ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად) მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა.
„მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვ.მ.-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.
მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს. დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა“, - წერია გავრცელებულ მანიფესტში.
ხელმომწერები ითხოვენ:
- „არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;
- დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
- გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის აუცილებელია, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან” მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე“, - წერია მანიფესტში.