საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეხმაურება „თბილისი პრაიდის" შესახებ საპატრიარქოს პოზიციას და განცხადებას ავრცელებს:
„დღეს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას ქვიარ თემის მიერ 18-23 ივნისს დაგეგმილი #TbilisiPride-ის ჩატარება.
საპატრიარქოს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის. ამასთანავე, საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც არის (უნდა იყოს) კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი. განცხადების უკან მდგომი ცალკეული „ტაბურეტკიანი” სასულიერო პირები სეკულარული სახელმწიფოსთვის სრულიად დაუშვებელი ფორმებით ცდილობენ მიითვისონ ის ფუნქციები რაც სასულიერო ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ ეკუთვნოდა და არც მიეკუთვნება არასოდეს.
დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აკისრია პასუხისმგებლობა იმოქმედოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, უზრუნველეყოს ლგბტქ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რადგან სახელმწიფოს, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, ვერასოდეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მას საერთოდ შესწევს უნარი დაიცვას ადამიანის უფლებები, ჰქონდეს პრეტენზია იყოს ცივილიზებული ევროპული ოჯახის წევრი, იყოს ღირსეული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების.
ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს გააკეთონ მკაფიო განცხადებები, რომელიც მკაცრ პასუხს გასცემს საპატრიარქოს, მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას აჩვენებს მზაობას თითოეული ადამიანის უფლების დაცვის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ამ საკითხშიც გახდება აშშ პარტნიორი და შეურთდება დონალდ ტრამპის კამპანიას, რომლის მიზანი მთელს მსოფლიოში ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა.
ამავდროულად, მოვითხოვთ, გატარდეს ყველა ღონისძიება 18-23 ივნისს თბილისი პრაიდის უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩასატარებლად".