შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, კონტრაქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
„აღნიშნული პირები შეეცადნენ, გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი.
სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.