
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი“ უპირისპირდება ერთმანეთს, სახელმწიფოს მხოლოდ შუაში ჩადგომა და მხარეების აგრესიისგან დაცვა შეუძლია, რაც მისი თქმით, გუშინ გააკეთა ხელისუფლებამ.
„მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, შსს-ს და მინისტრს, რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განმუხტვაში.
ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი მოსაზრების მიმართ, მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში“, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ 14 ივნისს „თბილისი პრაიდის“ მიერ სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ჩაშლის მცდელობაზე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ.
„პრაიდის“ ორგანიზატორებს კონტრაქციის გამო მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის საშუალება არ მიეცათ და აქციის ჩატარება კანცელარიის კიბეებზე მოუწიათ. კონტრაქციის მონაწილეები მათ ჰომოფობიური შეძახილებით შეხვდნენ და ემუქრებოდნენ.
გუშინ 19:00 საათზე კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან გურამ ფალავანდიშვილი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები აქციის ჩასაშლელად შეიკრიბნენ. აქციასა და კონტრაქციას შორის სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს.
მოგვიანებით კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილმა რამდენჯერმე სცადა პოლიციის კორდონის გარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ კონტრაქციის 28 მონაწილე დააკავეს.
კანცელარიასთან გამართული კონტრაქციის მონაწილეები აგრესიულად მიმართავდნენ ჟურნალისტებსაც. კონტრაქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.
კონტრაქციის მონაწილეები „ლიბერალის“ ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ, ცდილობდნენ გადაღებაში ხელი შეეშალათ და მოითხოვნდნენ განმარტებას, რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან.
ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო. ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფის წევრებს „აღიზიანებდა“.